пятница, 20 марта 2009 г.



ნამდვილი სახელი – ნიკო ფიროსმანიშვილი. დაბადებული სოფელ მირზაანში. (ქიზიყი) მამა – ასლანი, დედა ტოკლიკაშვილების ქალი – თეკლე.
ფიროსმანიშვილის სოფელზე და მის ნათესავებზე ცნობები შეკრიბა შალვა დადიანმა,რომელიც ამ სოფელს 1922 წ. ეწვია და შემდეგი გამოარკვია: ასლან ფიროსმანიშვილს ჰყოლია ორი ქალი და ერთი ვაჟი – ნიკალა. მისი დის ფეფეს ანგარიშით ნ.ფიროსმანი დაბადებული უნდა იყოს 1862 ან 1863 წელს.როცა ფიროსმანი გარდაიცვალა, ის უნდა ყოფილიყო 56 წლისა. თავისი დის გადმოცემით ნიკოს საკუთარი შვილები არ ჰყოლია და არც ოჯახი გააჩნდა.

ლადო გუდიაშვილის მოგონებებიდან აშკარად ჩანს, როგორ სიღარიბეში უხდებოდა ცხოვრება ნიკო ფიროსმანს. აღწერილია ის დამცირება და მოტყუება, რასაც განიცდიდა მხატვარი თავისი უკულტურო შემკვეთებისაგან. აქ აშკარად ჩანს ის უიმედო სურვილი, რაც მხატვრის ოცნებას შეადგენდა. დიდი სახლი დიდი სამოვრით და უამრავი ხალხით, რომლებიც ილაპარაკებდნენ ხელოვნებაზე და თავიანთ ჭირ–ვარამზე.
1916 წელს მხატვრები ლ. გუდიაშვილი და მ. ჭიაურელი შეხვდნენ ნ.ფიროსმანს. ,,დიდი ძებნის შემდეგ ნიკო ვიპოვეთ დიდუბეში, ნახევრად სარდაფში. ოთახში რომ შევედით, გაოცებულნი გავშეშდით, ნახევრად სიბნელეში ნავთქურა ბჟუტავდა. მასზე მინები ელაგა – მხატვარი მჭვარტლს აგროვებდა შავი საღებავისათვის. მჭვარტლში იყო გახვეული ნიკოც. გონს რომ მოვედით, გავუმხილეთ მოსვლის მიზანი. მხატვართა კავშირის სხდომაზე გიწვევთო – ვუთხარით. გაუკვირდა,მე კი მეგონა, ყველას დავავიწყდი.“ შემდეგ ტანსაცმელზე დაიხედა და გვითხრა, რომ ,,ახლა ჩემთვის ძნელია კავშირში წამოსვლა, ასეთი სახით. ჩემი თავი უკანასკნელ კაცად მიმაჩნიაო.“
ნიკო იყო ამაყი და დამოუკიდებელი ადამიანი, ტყუილად კი არ შეარქვეს ,,გრაფი.“
ლადო გუდიაშვილი იხსენებს: მხატვართა საზოგადოების ერთ–ერთ კრებაზე გამოტანილ იქნა დადგენილება – აღმოეჩინათ ხელმოკლე წევრებისათვის მატერიალური დახმარება. გადაწყდა ნიკო ფიროსმანისათვის მიეცათ დახმარება 200 მანეთის ოდენობით.ფულის გადაცემა მე მომანდეს. დავიწყე ფიროსმანის ძებნა. არ ვიცოდი სად ცხოვრობდა. ბევრი ვიარე, ბევრ ეზოში შევყავი თავი და გამოვიკითხე, მაგრამ სულ ტყუილად. დაღონებული ვბრუნდებოდი, რომ ერთი ეზოდან მომესმა საშინელი ყვირილი, ბავშვების ჟივილ–ხივილი. სანახაობა იყო მეტად შესაბრალისი. ბავშვები ქვებს ესროდნენ ერთი ოთახის კარებს, სადაც ცხოვრობდა აბუჩად აგდებული კაცი. ეს, ჩემი აზრით, ნიკო უნდა ყოფილიყო. დავაკაკუნე. გამოჩნდა ნიკო.
ნიკო ფიროსმანი იყო მაღალი ტანისა, შეჭაღარავებული და უკან გადავარცხნილი თმით. ეცვა ნაცრისფერი პიჯაკი და საღებავიანი ჭუჭყიანი შარვალი. ერთი სიტყვით, ჩემ წინ იდგა ,,ბასიაკური“ და ლოთური ცხოვრებით გატეხილი და დაბეჩავებული უღარიბესი უბნის მცხოვრები.
ამოვიღე ფული და გადავეცი. შეჩერდა და გაქვავდა. ხმა ვეღარ დაძრა. არ იცოდა როგორ გადაეხადა მადლობა.
ფიროსმანი ცოდნის მოყვარული ყოფილა და თავის პირობებზე ბევრი რამაც სცოდნია: მისი სურათები გვიმტკიცებენ, რომ ფიროსმანი გაცნობილი იყო ქართულ ისტორიას და საზოგადოდ თანამედროვეობას: მას აუარებელი სურათები აქვს ქართული ისტორიიდან: ,,თამარ მეფე,“ ,, შოთა რუსთაველი,“ ,,წმინდა გიორგი,“ ,,გიორგი სააკაძე,“ შემდეგ კიდევ ,,შამილი“ და ,,სამშობლოს,“ ვეფხიტყაოსანის ილუსტრაციები, აგრეთვე ,,იაპონიის ომი“ და სხვა.

აგრეთვე დიდია მისი დაკვირვების ნიჭი: კახეთი და ტფილისი ძირამდეა ამოწურული, ნ. ფიროსმანის სურათებში: ,,რთველი კახეთში,“ ,,კალო კახეთში, “მწყემსები,“ ,,დღეობა,“ ,,დიდი მარხვა,“ პატარა გოგო, ბატებს რომ მწყევსავს,“ ,,მამალი და კრუხი წიწილებით,“ –– ეს წარუშლელი სურათებია სოფლის ბუნებისა, რომლის ბადალიც მართლაც არ მოიპოვება ქართულ მხატვრობაში.
ჩვენ არ მოგვეპვება დღესდღეობით არავითარი დალაგებული მასალა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.რა უცნაურიც უნდა იყოს ეს და შეიძლება ჩვენი თანამედროვეთათვის სამწუხაროა, მაგრამ უცილობელი ფაქტია, რომ ნიკო ფიროსმანი აღმოაჩინა ფრანგმა მხატვარმა ლე–დანტიუმ, რომლსაც უმგზავრია საქართველოში და თან წაუღია ნიკო ფიროსმანის რამდენიმე სურათი. დიდი შრომა მიუძღვით ნიკო ფიროსმანის სახელის აღდგენისათვის ძმებს ილია და კირილ ზდანევიჩებს. ნიკო ფიროსმანი პირადად იცნობდა ლადო გუდიაშვილს, რომელმაც მოასწრო დაეტოვებინა ჩვენთვის მისი პორტრეტი.
თავისი წუთისოფელი ნიკომ სადღაც, მიგდებულ სარდაფში დაასრულა 1918 წელს, მაგრამ რა დღეს მოკვდა, რა პირობებში, ვინ დამრხა, ეს გაურკვეველი დარჩა.
მეგობრებში ნიკალას შერჩენია სახელი უწყინარი კაცისა,მუდამ პატიოსნის, ამაყის, დაუზარელის და თითქმის წმინდანის.